1920-იანი წლების ქართული კინო – განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები
დეკემბერი 15, 2020

2020 წელი ეროვნულმა კინოცენტრმა გამოაცხადა 1920-იანი წლების კინოს წლად. ამ მნიშვნელოვან ინიციატივასთან დაკავშირებით, დაგეგმილი იყო არაერთი ღონისძიება, რომელთა ჩატარებასაც კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა ხელი.

ეპიდ სიტუაციის მიუხედავად, ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით განხორციელდა რუსეთის ფილმსაცავ “გოსფილმოფონდი”-დან ჩამოტანილი 1920-იანი წლების შემდეგი 8 ფილმის რესტავრაცია:

  1. “არსენა ყაჩაღი“ (ვ.ბარსკი)

  2. „გოგი რატიანი„ (კ.მარჯანიშვილი)

  3. „ვინ არის დამნაშავე“ (ა.წუწუნავა)

  4. „საბა“ (მ.ჭიაურელი)

  5. „ელისო“ (ნ.შენგელაია)

  6. „ნორჩი მფრინავი“ (ნ.კახიძე)

  7. „კრაზანა“ (კ.მარჯანიშვილი)

  8. „ჯანყი გურიაში“ (ა.წუწუნავა)

პარალელურად დასრულდა მუშაობა წიგნზე „1920-იანი წლების ქართული კინო“, რომელიც ასახავს ქართული კინოს განვითარების ამ მნიშვნელოვან ათწლეულში მოღვაწე რეჟისორთა შემოქმედებას. წიგნის გამოცემა იგეგმება 2021 წელს. წიგნის რედაქტორები არიან ნინო მხეიძე და არჩილ შუბაშვილი.

კინომემკვიდრეობა ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 2021 წელს კინოცენტრი გამოაცხადებს 1930-იანი წლების კინოს წლად. იგეგმება რუსეთის ფილმსაცავ “გოსფილმოფონდი”-დან ჩამოტანილი 1930-იანი წლების ფილმების რესტავრაცია, რესტავრირებული ფილმების მასშტაბური რეტროსპექცივა, კინოკონფერენციისა და საჯარო ლექციების ციკლის ჩატარება.

წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება ინტერესი საერთაშორისო კინოფესტივალების მხრიდან ქართული კინომემკვიდრეობის მიმართ, ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით მაღალპროფესიონალურ დონეზე რესტავრირებული ფილმები კი საფესტივალო სტანდარტების შესაბამისია.