წელს როტერდამის კინოფესტივალზე 2 ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი. ორივე მათგანი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერითაა შექმნილი.
ნინო ჟვანიას სადებიუტო ნამუშევრის „აღლუმი“ ევროპული პრემიერა სექციაში Totally Bright Future გაიმართება.
ფილმი ბავშვობის 3 მეგობრის შემთხვევითი შეხვედრის შესახებ მოგვითხრობს. ერთ-ერთი ციხიდან ახლადგამოსული უიღბლო კრიმინალია, მეორე – ქუჩის მხატვარი, მესამე მათგანი კი ავანტურისტი მექალთანე მსახიობი. ფილმის პროდიუსერები ნიკოლოზ აბრამიშვილი და რუსუდან გლურჯიძე არიან, მთავარ როლებს კი გუგა კოტეტიშვილი, გოგა პიპინაშვილი და არჩილ ქიქოძე ასრულებენ. „აღლუმის“ მსოფლიო პრემიერა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე რამდენიმე თვის წინ გაიმართა, მოგვიანებით კი “აღლუმი” თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე სექციაში “ქართული პანორამა” საუეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმის ჯილდოს მფლობელი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ამავე სექციაში წარმოდგენილია კიდევ ერთი, ელმარ იმანოვის ფილმი – “სეზონის დასასრული”, რომელიც გერმანია-აზერბაიჯანი-საქართველოს კოპროდუქციაა. ფილმი ქართულ საპროდიუსერო კომპანიასთან “მაისის ფერი” თანამშრომლობით შეიქმნა. იგი აზერბაიჯანულ ენაზეა გადაღებული. ფილმის პროდიუსერია ევა ბლონდიაუ.
მიშო ანთაძის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის „მოსავალი“ მსოფლიო პრემიერა ასევე როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება. ფილმის ჩვენებები 27, 28 და 31 იანვარს სექციაში Say No More გაიმართება, პრემიერამდე 1 დღით ადრე კი „მოსავალს“ მედიის წარმომადგენლები ნახავენ.
„მოსავალი“ ქართულ-ამერიკული კოპროდუქციაა. ფილმის პროდიუსერია ნათია გულიაშვილი. მოვლენები კახეთში ვითარდება. ამ აგრიკულტურულად მდიდარი მიწის მაცხოვრებლები ახლა ვირტუალური მოსავალის მოპოვების ციებ-ცხელებით არიან შეპყრობილი. “მოსავალი” ჩუმი დაკვირვებაა ადამიანის, ლანდშაფტისა და ტექნოლოგიის ურთიერთკავშირზე კრიპტოვალუტის ეპოქაში.
როტერდამის კინოფესტივალი 1972 წელს დაარსდა, იგი მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ფესტივალია და აქცენტს ახალი ტალანტების აღმოჩენაზე აკეთებს. წელს როტერდამის კინოფესტივალი 23 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.