MoMA და ბერკლის ხელოვნების მუზეუმი ქართული კინოს ფართო რეტროსპექტივაზე თანამშრომლობენ
ოქტომბერი 6, 2014
 
 
ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (MoMA), ბერკლის უნივერსიტეტის ხელოვნების მუზეუმი (BAM) და წყნარი ოკეანის კინოარქივი (PFA) წარმოადგენენ „ქართული კინოს აღმოჩენას”, ქართული კინოს ყველაზე ფართომასშტაბიან რეტროსპექტივას, რომელიც ოდესმე გამართულა ჩრდილოეთ ამერიკაში. MoMA-ისა და BAM/PFA-ის თანამშრომლობით, წარმოდგენილი იქნება რეტროსპექტივა, რომელიც კინოწარმოების საუკუნეზე მეტს მოიცავს – 1907 წლიდან 2014 წლამდე. რეტროსპექტივაზე წარმოდგენილი იქნება სტილისტური და თემატური მიღწევების თვალისმომჭრელი მრავალფეროვნება საბჭოთა სისტემის ბიუროკრატიის საწინააღმდეგო სატირიდან ფილოსოფიურ ეტიუდებამდე, ღრმა ჰუმანისტური ტრადიციებით და საქართველოს თვაწარმტაცი ლანდშაფტების პოეტური გამოსახვით. ბევრ ევროპული არქივსა და „გოსფილმფონდთან” თანამშრომლობისა და BAM/PFA-ის მიერ უხვად გაღებული ხარჯების წყალობით, მუნჯ და საბჭოთა ეპოქაში გადაღებული ფილმების უმეტესობა ნაჩვენები იქნება 35 მმ-იანი ფირით. MoMA-მ და BAM/PFA-მ პროექტები ამ ზაფხულში პარალელურად დაიწყეს. ჩვენება ორგანიზებულია MoMA-ს კინოს დეპარტამენტის კურატორის იეტა იენსენისა და BAM/PFA-ის მთავარი კინო-კურატორის სიუზენ ოქსტობის მიერ.
 
 
MoMA-ს ჩვენება ორ ნაწილად იყოფა: კინო დინასტიები რომელიც 23 სექტემბრიდან 16 ოქტომბრამდე გაიმართება, და „ცისფერ მთებს მიღმა” , რომელიც 22 ნოემბერს დაიწყება და 21 დეკემბერს დასრულდება. BAM/PFA-ის ჩვენება 26 სექტემბერს დაიწყება და 2015 წლის გაზაფხულამდე გასტანს. BAM/PFA „აღმოაჩინე ქართული კინო ” ვაშინგტონის ხელოვნების ეროვნულ გალერეაში 2015 წლის იანვრიდან აპრილამდე, ტორონტოს TIFF-ის სინემატიკაში კი 2015 წლის აპრილიდან მაისამდე წარმოადგენს. ქალბატონ იენსენის თქმით, „რეტროსპექტივის მომზადება MoMA-სა და წყნარი ოკეანის კინოარქივის კურატორების საყვარელი საქმე იყო, პირადად ჩემთვის კი ეს იყო თავგადასავალი, რომელიც 1991 წელს თბილისში ჩემი პირველი ჩასვლისას დაიწყო. თითოეული ჩვენთაგანი მადლობელია ჩვენი წინამორბედების, ვინც გაგვიკვლია გზა და ყველა იმ ადამიანის, ვისთან თანამშრომლობითაც გახდა შესაძლებელი ამ ძვირფასი და იშვიათი ფირების აღრიცხვა, შეკრება და ჩვენება. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენების დასრულების შემდეგ „აღმოაჩინე ქართული კინო ჩრდილოეთ ამერიკის მაყურებელს გააცნობს ამ მნიშვნელოვან კინემატოგრაფიულ ტრადიციას”.
 
„პირველი ნაწილი: კინო დინასტიები ქართული კინოს ერთ თავისებურებაზე ფოკუსირდება: თვალშისაცემია კინემატოგრაფისტების ოჯახები, რომლებიც 1920 წლიდან დღემდე (უკვე მესამე თაობის წარმომადგენლები) იღებენ ფილმებს. ჩვენება იხსნება ნიკოლოზ შენგელაიას 1928 წელს გადაღებული ეპიკური ფილმით „ელისო”. ის ადრეული ქართული კინოს ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ფიგურაა, რომელიც კინემატოგრაფისტების კლანის სათავეში დგას, რომელთა შორის არიან მისი ცოლი ნატო ვაჩნაძე (თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი ქალი), მისი და კირა ანდრონიკაშვილი („ელისოს” ვარსკვლავი) და ვაჟები, რეჟისორები ელდარ და გიორგი შენგელაიები. პირველ ჩვენებას, მამის ფილმს ელდარ შენგელაია წარმოადგენს, აკომპანირებას კი ცოცხალი შესრულებით გაუწევს ტრიო „კავკასია” და გუნდი, მუსიკა კი კომპოზიტორმა კარლ ლინიჩმა BAM/PFA-ის დაკვეთით შექმნა. ელდარ შენგელაია აგრეთვე წარმოადგენს საკუთარ ფილმს „ცისფერი მთები” (1984), სხარტ სატირას საბჭოთა ეპოქის ბიუროკრატიაზე, და მისი ძმის, გიორგის, ფილმს „ფიროსმანი” (1969), ქართველი პრიმიტივისტი მხატვრის ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილის (1862-1919) ცხოვრების ბრწყივნალე იმპრესიონისტულ გამოხატულებას.
 
ჩვენების პირველი ნაწილის სხვა ურთიერთდაკავშირებული საოჯახო პროექტებია: „საოჯახო საქმე” მოიცავს თენგიზ აბულაძის ფილმებსაც, რომელმაც კინოსტუდია „ქართული ფილმისთვის” პირველი საერთაშორისო წარმატების მომტანი ფილმი „მაგდანას ლურჯა” (1955) გადაიღო, სადაც მთავარ როლს სერგო ზაქარიაძე თამაშობდა. აბულაძის ეპოქალური საბჭოთა დიქტატურაზე გადაღებული სიურეალისტური იგავის „მონანიება” (1984) სცენარის თანაავტორი მისი რძალი ნანა ჯანელიძეა, რომელიც ამჟამად საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს ხელმძღვანელობს. ჯანელიძე წარმოადგენს მის მიერ 2011 წელს გადაღებულ ფილმს „ნეტავი იქ თეატრი არის?!”, რომელიც დაფუძნებულია კავსაძეების ოჯახის რეალურ ისტორიაზე და მასში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი კახი კავსაძე თამაშობს. ლანა ღოღობერიძე, საბჭოთა ეპოქის ყველაზე ცნობილი ქალი რეჟისორი, წარმოადგენს მის ფილმს „დღეს ღამე უთენებია” (1984), და „ბუბას”, ახლახან აღმოჩენილ 1930 წელს გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ღოღობერიძის დედამ ავანგარდისტ მხატვარ დავით კაკაბაძესთან ერთად შექმნა. ჩვენების პირველ ნაწილში წარმოდგენილი ცნობილი რეჟისორები, რომელთა ნამუშევრები მეორე ნაწილშიც იქნება ნაჩვენები, მიხეილ ჭიაურელი და მიხეილ კალატოზოვია.
 
 
მეორე ნაწილში, „ცისფერ მთებს მიღმა”, წარმოჩენილი იქნება ცალკეული რეჟისორები და ის სამ საკვანძო პერიოდს მოიცავს: მუნჯი ეპოქის შესანიშნავ ფილმებს, ნარატიული კინოს გაფურჩქვნის პერიოდს, რომელიც 1950-1980 წლებს მოიცავს, და თანამედროვე ქართულ „ახალ ტალღას”. მეორე ნაწილი კოტე მიქაბერიძის „ჩემი ბებიით” (1929) გაიხსნება. ფილმის ჩვენებისას, ბეთ კასტერის ანსამბლი, BAM/PFA-ის დაკვეთით შექმნილ ორიგინალურ ნაწარმოებს ცოცხლად შეასრულებს. „ჩემი ბებიას” ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟია თვალებდაჭყეტილი და თმაგაჩეჩილი ბიუროკრატის ცოლი, რომელიც შეშლილ ბურჟუაზიული ყოფაში აღმოჩნდა ჩათრეული. მისი თანაბრად კომიკური ქმარი სახელმწიფო სისტემის მოუქნელობასა და შეუსაბამობას განასახიერებს და არაფერს არ ჰგავს ისე, როგორც მრგვალ მაგიდას, რომელიც ჩამორჩენილ დამქაშებს იცავს. ჩვენება მუნჯი კინოს ეპოქის სხვა კლასიკოსებსაც მოიცავს, როგორიცაა ივანე პერესტიანი, რომლის „წითელი ეშმაკუნების” (1923) მოქმედება უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დროს მიმდინარეობს. ის ამერიკელი რეჟისორების დუგლას ფერბენკსისა და დევიდ უორკ გრიფიტის სათავგადასავლო ფილმების სტილშია გადაღებული და მოგვითხრობს წითელ კავალერიაში მოხალისედ შესული გულადი მოზარდი ძმებისა და ახალგაზრდა შავკანიანი აკრობატის საგმირო თავგადასავალზე. კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი მუნჯი ფილმი ჩვენებიდან „ნაწილი მეორე: ცისფერი მთების მიღმა” არის პირველი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში” (1912), სადაც აღბეჭდილია ლეგენდარული პოეტის სტუმრობა დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში. ფილმი გადაღებულია რეჟისორისა და ოპერატორის, ვასილ ამაშუკელის, მიერ, რომელიც მიჩნეულია კინოს პიონერად როგორც საქართველოში, ისე მთლიანად კავკასიაში.
 
 
მეორე ნაწილში აგრეთვე წარმოდგენილია საბჭოთა ეპოქის დროინდელი რამდენიმე საერთაშორისოდ აღიარებული ფილმი, მათ შორის ოთარ იოსელიანის ადრეული მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმები გადაღებული გვიან 1960-იან და ადრეულ 1970-იან წლებში, რეჟისორის საფრანგეთში ემიგრაციამდე. ასევე ნაჩვენები იქნება თბილისში დაბადებული სერგო ფარაჯანოვის რამდენიმე ტრადიციული შეხედულების წინააღმდეგ მიმართული ნამუშევარი, მათ შორის საეტაპო „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები” (1964), რომელშიც მოქმედება მე-19 საუკუნის კარპატის მთებში მიმდინარეობს. თანამედროვე კინემატოგრაფისტების ფილმებიდან ნაჩვენები იქნება ნინო კირთაძის „ნავთობსადენი მეზობლად” (2005) და „უთხარით ჩემს მეგობრებს, რომ მკვდარი ვარ” (2004), ნანა ექვთიმიშვილისა და საიმონ გროსის „გრძელი ნათელი დღეები” (2013), დიტო ცინცაძის „დაკარგული მკვლელები” (2000), ზაზა ურუშაძის მწვავე ნამუშევარი „მანდარინები” (2013) და რამდენიმე ნიჭიერი რეჟისორის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, როგორებიცაა სალომე ალექსის „ფელიჩიტა” (2010) და სოფიო ბაბლუანის „რა შემიძლია გისურვო ბრძოლამდე” (2012). ლევან კოღუაშვილი, საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი რეჟისორი, წარმოადგენს ფილმებს „შემთხვევითი პაემნები” (2013) და „ქუჩის დღეები” (2010), რითაც გახსნის ჩვენების მეორე ნაწილს.