SEMAINE DE LA CRITIQUE / 2014 BATUMI კანის ფესტივალის კრიტიკოსთა კვირეული ბათუმი
აგვისტო 26, 2014

კომპანია “აბლაბუდა
ფილმის
ორგანიზებით 2014 წლის 17-21 სექტემბერს ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინო
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება კანის კინოფესტივალის სექციის -კრიტიკოსთა კვირეულის
სპეციალური ფილმების ჩვენება.

პროგრამის ორგანიზება
ხორციელდება საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ჩვენებების მიზანია, მსოფლიო
თანამედროვე ფილმების და ტალანტების გაცნობა ქართველი მაყურებლისთვის. ასევე, ალტერნატიული ფილმების ჩვენების კულტურის დანერგვა
და მათდამი ინტერესის გაძლიერება.

ოთხი დღის მანძილზე, ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა
ექნება ნახონ თანამედროვე ფილმები, რომელთა ავტორები კანის ფესტივალის კრიტიკოსებმა
ახალ ტალანტებად აღიარეს. ბათუმის კინოფესტივალის
ფარგლებში 2013-14 წლებში ნომინირებული ხუთი
საუკეთესო ფილმი იქნება წარმოდგენილი.

კვირეულს დაესწრებიან კრიტიკოსთა კვირეულის სამხატვრო დირექტორი – ჩარლზ
ტესონი და საფრანგეთის აუდიოვიზუალური ატაშე ფანი მელორი-ობერი.

კრიტიკოსთა კვირეული წელს 54-ედ გაიმართა კანის კინოფესტივალის
ფარგლებში და მის მთავარ მიზანს ახალი ტალანტების
ძიება და მათი სამომავლო მხარდაჭერა წარმოადგენს. ეს სექცია კანის კინოფესტივალს
1961 წელს საფრანგეთის კრიტიკოსთა ასოციაციის ინიციატივით დაემატა. სწორედ კრიტიკოსთა
კვირეულმა შეუწყო ხელი შემდგომში საქვეყნოდ ცნობილი რეჟისორების აღმოჩენას, მაგალითად: ბერნარდო

ბერტოლუჩი, კენ ლოუჩი, ოთარ იოსელიანი, ლეო კარაქსი,
თემურ ბაბლუანი, ფრანსუა ოზონი, ჟული ბერტუჩელი და სხვები.

ყოველწლიურად, კრიტიკოსთა კვირეულის ფილმების ჩვენების
სურვილს მრავალი ქვეყანა გამოთქვამს, საქართველო წელს მეორედ უმასპინძლებს კრიტიკოსთა
კვირეულს. ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით პირველად ასეთი პროგრამა თბილისში შედგა,
2012 წლის შემოდგომაზე.

ბათუმში წარმოდგენილი ყველა ფილმი გამოირჩევა წარმატებული
საფესტივალო ისტორიით, ეს წარმატება კი კრიტიკოსთა კვირეულზე მონაწილეობით დაიწყო.

კრიტიკოსთა
კვირეულის პროგრამა საქართველოში

Suzanne (2013) / საფრანგეთი

სიუზანი

რეჟისორი: კატელ კიევერე

სცენარის ავტორები: მარიეტ დეზერი, კატელ კიევერე

როლებში: სარა ფორესტიე, ფრანსუა დამიენი, ადელ ენელი

ორ დას, სიუზანს და მარიას, დიდი სიახლოვე აკავშირებთ.
მიუხედავად იმისა, რომ დედა ადრეულ ასაკში გარდაეცვალათ, ბედნიერი ბავშვობა აქვთ. მათი
მამა, ნიკოლასი, ოჯახს თავდაუზოგავად უძღვება. იგი ძალიან მოსიყვარულე, თუმცა ხანდახან
უხეშია. სიუზანის ორსულობა, ყველაფერს ცვლის. ოჯახი იზრდება, მათ ახალი წევრი, პატარა
ჩარლი შეემატებათ. წლების შემდეგ სიუზანი ხვდება ჟულიენს, რომელსაც არცთუ ისე კარგი
რეპუტაცია აქვს. მათ თავდავიწყებით უყვარდებათ ერთმანეთი…სიუზანი ყველაფერს ტოვებს
და მასთან ერთად გარბის.

http://www.semainedelacritique.com/EN/films/2013/2013_spe_Suzanne.php

Lunchbox (2013) / ინდოეთი
/ საფრანგეთი / გერმანია

ლანჩბოქსი

“Dabba” (ორიგინალური სახელწოდება)

რეჟისორი: რიტეშ ბატარა

სცენარის ავტორი: რიტეშ ბატარა

როლებში: ირფან ხანი, ნიმრატ კაური, ნავაზუდინ სიდიკი

„ლანჩ ბოქსის”, მუმბაის ცნობილი, მზა საკვების სახლში
მიტანის სერვისის, თანამშრომლების შეცდომის
წყალობით ახალგაზრდა დიასახლისი და ასაკოვანი მამაკაცი ერთმანეთს ეცნობიან. ისინი წარმოსახვით
სამყაროში იწყებენ ცხოვრებას და ლანჩბოქსის გზავნილების საშუალებით ურთიერთობენ. ჩნდება
საფრთხე, რომ შეიძლება ფანტაზიამ წყვილი თანდათანობით რეალობას დააშოროს.

http://www.semainedelacritique.com/EN/films/2013/2013_comp_The_Lunchbox.php

The Kindergarten Teacher (2014)/ ისრაელი / საფრანგეთი

ბაღის
მასწავლებელი

“Haganenet” (ორიგინალური სახელწოდება)

რეჟისორი: ნადავ ლაპიდი

სცენარის ავტორი: ნადავ ლაპიდი

როლებში: სარიტ ლარი, ავი შნეიდმანი, ლიორ რაზი

საბავშვო ბაღის მასწავლებელი ხუთი წლის ბიჭუნაში განსაკუთრებულ
პოეტურ ნიჭს აღმოაჩენს. ბავშვის ამ უნარით შთაგონებული და მოხიბლული მასწავლებელი გადაწყვეტს,
მისი ნიჭი ყველასგან დაიცვას.

http://www.semainedelacritique.com/EN/films/2014/2014_spe_institutrice.php

The Wild Ones (2012) / არგენტინა

ველურები

“Los salvajes” (ორიგინალური
სახელწოდება)

რეჟისორი: ალეხანდრო ფადელი

სცენარის ავტორი: ალეხანდრო ფადელი

როლებში: ლეონელ არანსიბია, სოფია ბრიტო, მარტინ ქოთარი

ვესტერნის მსგავსად, ყველაფერი გაქცევით იწყება. არგენტინულ
პროვინციაში ხუთი მოზარდი ძალის გამოყენებით გარბის გამოსასწორებელი სკოლიდან. პილიგრიმობისას
ასობით კილომეტრს გადიან ფეხით, რომ აღთქმულ სახლს, თავშესაფარს მიაღწიონ, სადაც ცხოვრებას
გააგრძელებენ. ისინი ნადირობენ საკვების მოსაპოვებლად, გზად სახლებს ძარცვავენ, ნარკოტიკებს
მოიხმარენ, მდინარეში ბანაობენ, ერთმანეთში ჩხუბობენ, უყვართ: ეს ველურ ბუნებაში ერთგვარი
მოგზაურობაა, რომელიც სულ მალე მისტიკურ ზღაპარს ემსგავსება სიმამაცესა და ღირსებაზე.

http://www.semainedelacritique.com/EN/films/2012/2012_comp_los-salvajes.php

Maddened By His Absence (2012) / საფრანგეთი / ლუქსემბურგი / ბელგია

შეშლილი
მის გარეშე

“J'enrage de son absence” (ორიგინალური
სახელწოდება)

რეჟისორი: სანდრინ ბონერი

სცენარის ავტორები: სანდრინ ბონერი, ჯერომ ტონერი

როლებში: უილიამ ჰარტი, ალექსანდრა ლემი, აუგუსტინ ლეგრანი

ათი წლის შემდეგ ჟაკი მამის მემკვიდრეობის მისაღებად
საფრანგეთში ბრუნდება, საიდანაც ამერიკაში გაემგზავრა საცხოვრებლად, რომ თავი დაეღწია
მტკივნეული წარსულისათვის, რომელიც ყოფილ ცოლთან, მადოსთან, აკავშირებდა. მისი არყოფნის
პერიოდში ქალმა ახალი ცხოვრება დაიწყო სტეფანთან ერთად, რომელთანაც 7 წლის პოლი ჰყავს.
დაბრუნების შემდეგ ჟაკი და მადო კვლავ ხვდებიან ერთმანეთს, იგი შვილთან შეხევდრას სთხოვს
მადოს, რომელიც ყოყმანობს, შემდეგ თანხმდება, მაგრამ ქმარს უმალავს. მალე ჟაკი და პოლი
დაახლოვდებიან და მალულად ხვდებიან ერთმანეთს.