ქართული ფილმები საერთაშორისო კინოფესტივალზე DOK Leipzig
ოქტომბერი 10, 2021

დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი DOK Leipzig 25-31 ოქტომბერს 64-ედ გაიმართება.

წელს კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 2 ქართული ფილმი:

საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში შედგება მარადია ცაავას დოკუმენტური ფილმის პრემიერა სახელწოდებით “წყალს საზღვრები არ აქვს”. ფილმში მოქმედება ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე ვითარდება, სადაც შემთხვევით მოხვედრილი ჟურნალისტი აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის საზღვრის გადალახვას ცდილობს. ფილმის მწარმოებელი კომპანიაა OpyoDoc -ი.

ასევე, დოკ ლაიფციგის კინოფესტივალზე, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსში შედგება მარიამ კაპანაძის ანიმაციური ფილმის გერმანული პრემიერა (მხატვარი ირაკლი ტოკლიკიშვილი, პროდიუსერი მარიამ კანდელაკი). ანიმაციის მსოფლიო პრემიერა გაიმართა იაპონიაში, ჰოკაიდოს საერთაშორისო კინოფესტივალზე და მას შემდეგ “მიტოვებული სოფელი” არაერთ ქვეყანაში დაჯილდოვდა.

დოკლაიფციგის კინოფესტივალზე წარმოდგენილი ორივე ქართული ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

აღსანიშნავია, რომ DOK Co-Pro Market-ზე წარმოდგენილი იქნება ელენე მიქაბერიძის ფილმის პროექტი “ოცნება კადილაკზე”. ინდუსტრიულ პლატფორმაზე პროექტები 36 ქვეყნიდან შეირჩა.