სან-სებასტიანის კინოფესტივალი იწვევს 10 ქართველ პროდიუსერს ინდუსტრიულ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად!
აგვისტო 12, 2021

სან-სებასტიანის 69-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ტარდება ინდუსტრიული ღონისძიება FOCUS ON GEORGIA (19-23 სექტემბერი), რომელიც მსოფლიო კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს 10 ქართველ პროდიუსერს წარუდგენს. FOCUS ON ევროპისა და სამხრეთ ამერიკის კოპროდუქციის ფორუმის ნაწილია. წელს მისი სტუმარი ქვეყანა საქართველოა. FOCUS ON GEORGIA სან-სებასტიანის კინოფესტივალისა და ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლობით ხორციელდება.

ღონისძიებაზე დასასწრებად ქართველმა პროდიუსერებმა 2021 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ შევსებული განაცხადი შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: applications@gnfc.ge. სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს სახელწოდება FOCUS ON GEROGIA, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება პროდიუსერებს შეუძლიათ როგორც პროექტით, ისე პროექტის გარეშე. უპირატესობა მიენიჭებათ პროდიუსერებს, რომლებსაც უმუშავიათ სრულმეტრაჟიან ფილმებზე.