სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2023 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსი

კონკურსის გამოცხადების თარიღი:

14/02/2022, 00:00  

საბუთების მიღების ბოლო ვადა:

04/05/2022, 17:00  

კონკურსის დასრულების თარიღი:

 

ხარვეზების გამოსწორების ვადა:

 

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2023 წლის წარმოების დაფინანსების

კონკურსის პირობები

 

 

კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით

ეროვნული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმ(ებ)ის წარმოების დაფინანსება.

 

უფლებამოსილი კონკურსანტი, რეჟისორი და პროექტი

 

პროდიუსერი:

ეროვნულ კინოცენტრში პროექტის განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის მიერ, რომელიც არის ინდივიდუალური მეწარმე  ან იურიდიული პირი.

პროდიუსერს  არ უნდა გააჩნდეს სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

რეჟისორი:

პროექტის რეჟისორი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც რეჟისორია ისეთი ფილმის, რომელსაც მოგებული აქვს ეროვნული კინოცენტრის სხვა კონკურსი და დასრულებული არ არის.

 

პროექტი:

კონკურსზე არ დაიშვება პროექტი, რომელიც მონაწილეობს კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ სხვა კონკურსში.

 

სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია:

  1. ელექტრონული განაცხადი;
  2. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ინდივიდუალური მეწარმისთვის და იურიდიული პირისთვის (განახლებული 2022 წელს);
  3. ინფორმაცია ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ;
  4. ფილმის ავტორთა (რეჟისორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლები;
  5. პროდიუსერის ხელშეკრულებები რეჟისორთან, სცენარის ავტორთან და დიალოგების ავტორთან, რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ განმცხადებელი არის კანონიერი მფლობელი ყველა იმ საავტორო უფლებისა, რომელიც ფილმში იქნება გამოყენებული;
  6. ფილმის რეჟისორის, სცენარის ავტორის და დიალოგების ავტორის ბიოფილმოგრაფია და კოორდინატები;
  7. პროდიუსერის მოტივაცია;
  8. პროდიუსერის წინა ნამუშევარი ;
  9. რეჟისორის ხედვა და მოტივაცია;
  10. რეჟისორის ერთი ან რამდენიმე სრულმეტრაჟიანი ფილმი (ვიმეოს ან იუთუბის ლინკის ფორმით)
  11. ფილმის სინოპსისი;
  12. ფილმის სცენარი;
  13. ფილმის ბიუჯეტი (ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით*);
  14. ფინანსური გეგმა (ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით*);
  15. საწარმოო გეგმა, რომელიც მოიცავს წინასაწარმოო, გადაღების, პოსტ-პროდუქციის და დასრულების ვადებს;
  16. თანაპროდიუსერ(ებ)თან შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

ყველა ჩამოთვლილი დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის ხელმოწერით.

 დოკუმენტაციის წარდგენის წესი

საკონკურსო  აპლიკაცია და დოკუმენტაცია უნდა  გამოიგზავნოს ელექტრონული პროგრამის „სინემატოგრაფი მენეჯმენტ სისტემის’’ საშუალებით.  იხილეთ ვიდეოგზამკვლევი: https://www.youtube.com/watch?v=Z33mYHxMudQ

კონკურსის ეტაპები

პროექტების დარეგისტრირების შემდეგ ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტი ამოწმებს დოკუმენტაციის სისრულეს და სისწორეს 2022 წლის 8 აპრილამდე.  ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში კინოცენტრი უკავშირდება კონკურსანტებს და აძლევს 5 (ხუთ) სამუშაო დღეს ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ფილმწარმოების დეპარტამენტი არ განიხილავს პროექტების მხატვრულ მხარეს.

ამის შემდეგ პროექტები გადაეცემა საექსპერტო კომისიას, რომლის შემადგენლობას ამტკიცებს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი. თუ პროექტი ვერ აკმაყოფილებს კონკურსის მოთხოვნებს, ის საექსპერტო კომისიას არ გადაეცემა  განსახილველად.

საექსპერტო კომისიის პირველ სხდომაზე ირჩევენ კომისიის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს. კომისია ეცნობა პროექტის შეფასების კრიტერიუმებს და ქულათა სისტემას. საექსპერტო კომისიის წევრები ხელს აწერენ განაცხადს ინტერესთა კონფლიქტის არ-არსებობის და დოკუმენტაციის კონფიდენციალურობის დაცვის თაობაზე.

საექსპერტო კომისიას ეძლევა გარკვეული ვადა პროექტების გასაცნობად პროექტების რაოდენობიდან გამომდინარე.

კონკურსის მომდევნო ეტაპი არის დათქმულ დროს პროექტების პრეზენტაცია და გასაუბრება პროდიუსერებთან და/ან ავტორებთან, რის შემდეგაც კომისიის წევრები აფასებენ პროექტებს დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე. ისინი პროექტებს ანიჭებენ ქულებს დადგენილი სისტემით და ასაბუთებენ მინიჭებულ ქულას წერილობითი შეფასების ფორმით.

საექსპერტო კომისია გასაუბრებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში ეროვნულ კინოცენტრს წარუდგენს კონკურსის შედეგებს დასკვნის სახით, რომლის ძირითადი ნაწილია ქულათა შეჯამებით მიღებული რეიტინგული სია. ამ დასკვნით ის რეკომენდაციას აძლევს ეროვნულ კინოცენტრს, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში დააფინანსოს პროექტები რიგითობის მიხედვით. ამავე დროს კომისიას აქვს უფლება, დაფინანსების რეკომენდაცია გაუწიოს პროექტების მხოლოდ გარკვეულ რაოდენობას ან არცერთ პროექტს.

დასაფინანსებელი პროექტებისა და დაფინანსების ოდენობა

ეროვნული კინოცენტრი კომისიის დასკვნის საფუძველზე და თავისი ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის თაობაზე და ადგენს  თითოეული პროექტისთვის დაფინანსების  ოდენობას პროექტის შემომტან პროდიუსერთან ერთად ბიუჯეტის კიდევ ერთხელ დეტალურად განხილვის შემდეგ.

კონკურსის შედეგების გამოქვეყნება

საექსპერტო კომისიის მიერ დასკვნის წარდგენიდან 7 სამუშაო დღის ვადაში ეროვნული კინოცენტრი აცხადებს კონკურსის შედეგებს, აქვეყნებს რეიტინგულ სიას, გამარჯვებულ პროექტებს და მათზე გამოყოფილი სუბსიდიების ოდენობას.

შეფასებების გამოთხოვა

შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კონკურსში მონაწილე ყველა სუბიექტს უფლება აქვს, საკუთარი პროექტის შეფასების თაობაზე გამოითხოვოს ინფორმაცია – ქულები და წერილობითი არგუმენტაცია. განაცხადი უნდა გაკეთდეს წერილობით პროდიუსერის ხელმოწერით. ინფორმაცია ცალკეული შეფასებების ავტორთა შესახებ დახურულია.

 

დაფინანსება ეროვნული კინოცენტრიდან

კონკურსში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსდება ფილმის მთლიანი ბიუჯეტის 75%-მდე. დანარჩენი შევსებული უნდა იყოს დაფინანსების სხვა წყაროებიდან.

 

დაფინანსება სხვა წყაროებიდან:

სხვა წყაროებიდან დაფინანსებაში იგულისხმება: პროდიუსერის შენატანი, ტექნიკური შენატანი, ეროვნული, რეგიონული ან საერთაშორისო სახელმწიფო ფონდების გრანტები ან სუბსიდიები, სატელევიზიო და ინტერნეტ-პლატფორმების ინვესტიციები, ფიზიკური და იურიდიული პირების ინვესტიციები, დისტრიბუციის მინიმალური გარანტიები, ფილმის ავტორთა საჰონორარო შენატანი (ე.წ. დეფერმენტი), თუ ის არ აღემატება მთლიანი ბიუჯეტის 5%-ს და სხვა.

  

გამარჯვებულ კონკურსანტებზე სუბსიდიების გაცემის და ეროვნულ კინოცენტრთან ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობები

გამარჯვებულ პროექტებზე გამოყოფილი სუბსიდიების მიღების და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით პროდიუსერი ვალდებულია არაუგვიანეს 2023  წლის 10 მაისისა წარმოადგინოს კინოცენტრში ბიუჯეტის სრულად შევსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.  წერილობით მოთხოვნას წარმოებაში შესვლისა და ხელშეკრულების გაფორმების ვადის გადაწევის თაობაზე ეროვნული კინოცენტრი განიხილავს მხოლოდ დასაბუთებული არგუმენტაციისა და ბიუჯეტის სრულად შესავსებად საჭირო (ალტერნატიული) თანხის სულ მცირე 50%-ის წარმოდგენის შემთხვევაში. წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტის ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება ძალას კარგავს.

 

ხელშეკრულება

ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ პროდიუსერსა და ეროვნულ კინოცენტრს შორის არეგულირებს პროდიუსერისა და ეროვნული კინოცენტრის ურთიერთობას ფილმის წარმოების პროცესში და მისი დასრულების შემდეგ. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს მის შინაარსს, საგანს, თანხის გაცემის წესს, პროდიუსერის უფლებებს, პროდიუსერის ვალდებულებებს, კინოცენტრის უფლებებს, კინოცენტრის ვალდებულებებს, ხელშეკრულების ვადას, ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, ფორს-მაჟორის საკითხებს, დავის გადაჭრის გზებს, განსაკუთრებულ ვალდებულებებს, ასევე სხვა პირობებს და მხარეთა რეკვიზიტებს.

ხელშეკრულება მზადდება ეროვნული კინოცენტრის მიერ და ხელმოწერამდე გადაეგზავნება მეორე მხარეს გასაცნობად.

 

კონსულტაციები

სასურველია კონკურსანტებმა გაიარონ კონსულტაცია. კონსულტაციები ჩატარდება ტელეფონით ან წინასწარი შეთანხმებით ნებისმიერ სამუშაო დღეს ეროვნული კინოცენტრის ოფისში შემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი,  სანაპიროს ქუჩა #4,

ტელეფონი:   2999 200; 2999 102.

 

საკონტაქტო პირები:       

ნინო კუხალაშვილი  (იურიდიული ასპექტები)

ტელეფონი:   +995 577 955 250     ელ. ფოსტა:     n.kukhalashvili@gnfc.ge

სალომე დანელია  (წარმოება და ფინანსები)

ტელეფონი:   +995 599 85 07 81      ელ. ფოსტა:   s.danelia@gnfc.ge

მანანა მელაძე  (წარმოება და ფინანსები)

ტელეფონი:   +995 577 40 75 39     ელ. ფოსტა:    m.meladze@gnfc.ge

ანდრო წიკლაური (წარმოება და ტექნიკური დახმარება)

ტელეფონი:  +995 551 334 000 ელ.ფოსტა: a.tsiklauri@gnfc.ge

 

კონკურსის ეტაპები

1
პროექტების მიღება
2
კომისიის განხილვა
3
გასაუბრების პროცესი
4
კომისიის შეფასება
5
დასრულება

დოკუმენტები