„ნახე პირველად ბაკურიანში“ - 2017 წლიდან კინოცენტრი ყოველწლიურად ატარებს „ქართული კინოს ფორუმს“, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში მასპინძლობს ქართული კინოსექტორის წარმომადგენლებს და მათ საინტერესო კინოჩვენებებს, დისკუსიებსა და ვორქშოპებს სთავაზობს.
ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულ კინემატოგრაფისტებს, კინომცოდნეებსა და კინოჟურნალისტებს საშუალება აქვთ დიდ ეკრანზე პირველებმა ნახონ ახალი ქართული ფილმები და ჩვენების შემდეგ, მათ ავტორებთან დისკუსია გამართონ. ამას გარდა, ფორუმზე იმართება „მრგვალი მაგიდა“, სადაც კინოინდუსტრიაში მიმდინარე მნიშვნელოვანი თემები განიხილება.
„ქართული კინოს ფორუმს“ ეროვნული კინოცენტრი „მთის კურორტების განვითარების კომპანიის” დახმარებითა და „შემოქმედებითი საქართველოს“ თანამონაწილეობით მართავს.