კონკურსი
„სადიპლომო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური ან ანიმაციური ფილმის წარმოების ფინანსური მხარდაჭერა“
საკონკურსო პირობები
- კონკურსის მიზანი
სადიპლომო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური ან ანიმაციური ფილმის წარმოების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით გამოცხადებული კონკურსის მიზანია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აუდიო-ვიზუალური რეჟისურის სპეციალობის სტუდენტების მხარდაჭერა მიმდინარე სასწავლო წლის სადიპლომო ნამუშევრის (მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური ან ანიმაციური ფილმი) წარმოების პროცესში.
- კონკურსის პირობები
- სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში (შემდგომ - ეროვნული კინოცენტრი) პროექტის განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომ - უნივერსიტეტი) მიერ.
- უნივერსიტეტი, ამ კონკურსის მიზნებისათვის, წარმოადგენს პროდიუსერს.
- გამარჯვებული პროექტები ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსდება ფილმის მთლიანი ბიუჯეტის არანაკლებ 50%-ით.
- იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსდება ფილმის მთლიანი ბიუჯეტის გარკვეული ნაწილი, დანარჩენი ბიუჯეტის დაფინანსების წყაროები შეიძლება იყოს: პროდიუსერის შენატანი, ტექნიკური შენატანი, ეროვნული, რეგიონული ან საერთაშორისო სახელმწიფო ფონდების გრანტები ან სუბსიდიები, დისტრიბუციის მინიმალური გარანტიები, ფილმის ავტორთა საჰონორარო შენატანი (ე.წ. დეფერმენტი), კერძო პირის დონაცია.
- ეროვნული კინოცენტრის მიერ კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 60 000 (სამოცი ათასი) ლარს. ეროვნული კინოცენტრი, შესაბამისი შეფასების შედეგად, იღებს გადაწყვეტილებას დასაფინანსებელი პროექტებისა და თითოეული მათგანისათვის გამოსაყოფი ფინანსური რესურსის თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში, გამარჯვებულად გამოცხადებული პროექტის ბიუჯეტის დაზუსტების მიზნით, ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია, კონსულტაცია გაიაროს პროდიუსერთან.
- საკონკურსო პროექტის ქრონომეტრაჟი განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი - 10-25 წთ–მდე; ბ) დოკუმენტური ფილმი - 10-25 წთ–მდე; გ) ანიმაციური ფილმი - 5 წთ-მდე.
- საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის წესი
- კონკურსში მონაწილეობისათვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
1.1. ელექტრონული განაცხადი (ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით);
1.2. კერძო უმაღლესი სასწავლებლის შემთხვევაში, აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
1.3. რეჟისორის საკურსო ნამუშევარი (ბმულის სახით);
1.4. ფილმის ავტორთა (რეჟისორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი, კომპოზიტორი) ბიოფილმოგრაფია და საკონტაქტო მონაცემები;
1.5. პროდიუსერის ხელშეკრულებები რეჟისორთან, სცენარის ავტორთან და დიალოგების ავტორთან. ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებით უნდა დასტურდებოდეს, რომ განმცხადებელი არის საკონკურსო პროექტთან (ფილმთან) დაკავშირებული ყველა საავტორო უფლების კანონიერი მფლობელი;
1.6. რეჟისორის ხედვა;
1.7. პროდიუსერის მოტივაცია;
1.8. მოკლე სინოფსისი (0,5 გვერდამდე);
1.9. სცენარი (5-20 გვერდი);
1.10. ბიუჯეტი (ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით);
1.11. ფინანსური გეგმა (ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით);
1.12. პერსონაჟების და ობიექტების ესკიზები (ანიმაციური ფილმის შემთხვევაში);
1.13. საწარმოო გეგმა (სამუშაოების შესრულების განრიგი), რომელიც მოიცავს წინა-საწარმოო, გადაღების, პოსტ პროდუქციის ვადებსა და პრემიერის სავარაუდო თარიღს;
1.14. ვიზუალური მასალა (ბმულის სახით) (დოკუმენტური ფილმის შემთხვევაში);
1.15. თანაპროდიუსერ(ებ)თან (თუ ასეთი უკვე არსებობს) შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ორიგინალები, ან ნოტარიულად დამტკიცებული ასლები);
1.16. უმაღლესი სასწავლებლის საკუთრებაში არსებული ტექნიკური ბაზის ჩამონათვალი.
- საკონკურსო დოკუმენტაცია მოიცავს ეროვნული ფილმის ცნობის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციას. პროდიუსერის მიერ საკონკურსო დოკუმენტაციის სრულად და უხარვეზოდ წარმოდგენის შემთხვევაში ეროვნული კინოცენტრი გასცემს ეროვნული ფილმის ცნობას.
- ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის ხელმოწერით.
- საკონკურსო განაცხადები მიიღება ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: documents@gnfc.ge.
- კონკურსის ეტაპები და შეფასების წესი
- კონკურსზე დარეგისტრირების შემდეგ ეროვნული კინოცენტრი ამოწმებს დოკუმენტაციის სისრულეს და სისწორეს. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში კონკურსანტს მიეცემა 3 (სამი) სამუშაო დღემდე ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ეროვნული კინოცენტრი განაცხადების მიღების მოცემულ ეტაპზე არ განიხილავს პროექტის მხატვრულ მხარეს. თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერ დააკმაყოფილებს ამ დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, პროექტის გადაცემა შემდგომი განხილვისთვის არ ხდება.
- თითოეული საკონკურსო განაცხადის სრულყოფილი დოკუმენტაცია შესაფასებლად გადაეცემა სპეციალურ კომისიას 5 წევრის შემადგენლობით, რომელსაც ამტკიცებს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი. კომისიის წევრს არ აქვს უფლება, განხილვაში მიიღოს მონაწილეობა ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში.
- კომისია უფლებამოსილია, განმცხადებელი მოიწვიოს პროექტის პრეზენტაციის ან/და გასაუბრების მიზნით. ამ დებულების მე-5 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით შეფასების შედეგად, კომისია, ხმათა უმრავლესობით, იღებს გადაწყვეტილებას პროექტის სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსების შესახებ. კომისიის წევრს არ აქვს თავშეკავების უფლება, მისი გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ უნდა იყოს ან დადებითი ან უარყოფითი. ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა დასაბუთდეს.
- კომისიის წევრები ვალდებულნი არიან, დაიცვან კონფიდენციალურობა და არ გაამჟღავნონ კონკურსის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია კონკურსის შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე.
- შეფასების კრიტერიუმები
კონკურსის ფარგლებში განსახილველი პროექტების შეფასება ხორციელდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- სცენარი
- რეჟისორი
- კონკურსის ვადები და შედეგების გამოქვეყნება
- საკონკურსო პროექტები მიიღება ელექტრონულად, 2024 წლის 4 მარტიდან 12 მარტის 19:00 სთ-მდე. ვადის დარღვევით წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
- კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება ეროვნული კინოცენტრის მიერ არაუგვიანეს 2024 წლის 20 მარტისა, რა დროსაც მიეთითება გამარჯვებული პროექტები და თითოეული მათგანისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობა.
- დაფინანსების გაცემის და ეროვნულ კინოცენტრთან ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობები
- გამარჯვებული პროექტის ნაწილობრივი დაფინანსებისას, დაფინანსების მიღებისა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, პროდიუსერი ვალდებულია, კონკურსის შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, წარმოადგინოს ბიუჯეტის სრულად შევსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ორიგინალები, ან ნოტარიულად დამტკიცებული ასლები, უცხო ენაზე არსებული დოკუმენტების შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანები), კო-პროდუქციის შემთხვევაში - „კინემატოგრაფიული თანაწარმოების შესახებ ევროპული კონვენციით“ ან ბილატერალური შეთანხმებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
- ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ფილმი არ დაფინანსდება და ძალას კარგავს გადაწყვეტილება პროექტის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ.
- ხელშეკრულება ფორმდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან ან, პროექტის სრულად დაფინანსების შემთხვევაში, კონკურსის შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღეში.
- ხელშეკრულება ფინანსური ხელშეწყობის შესახებ ავტომატურად ძალადაკარგულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ ფილმის წარმოებაში შესვლა არ მოხდება კონკურსის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 2 თვის ვადაში.
- დასრულებული ფილმის ეროვნული კინოცენტრისათვის ჩაბარება უნდა მოხდეს არაუგვიანეს სექტემბრამდე.
- აუდიტის დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება
პროდიუსერი ვალდებულია, ფილმის დასრულების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ფილმის ჩაბარებიდან
2 თვის ვადაში, წარმოადგინოს ლიცენზირებული აუდიტის დასკვნა როგორც ეროვნული კინოცენტრიდან გამოყოფილ, ისე სხვა წყაროებიდან მიღებულ დაფინანსებასთან დაკავშირებით.
კონკურსანტებმა შესაძლებელია გაიარონ კონსულტაცია, რომელიც ჩატარდება წინასწარი შეთანხმებით, ეროვნული კინოცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში ან სატელეფონო კონსულტაციის გზით:
მისამართი:
0105 თბილისი, სანაპიროს ქუჩა 4,
ტელეფონი: 2999 200; 2999 102;
საკონტაქტო პირები:
მანანა მელაძე (წარმოება და ფინანსები)
ტელეფონი: 577 40 75 39;
ელ. ფოსტა: m.meladze@gnfc.ge
გიორგი ჯანყარაშვილი (წარმოება და ტექნიკური საკითხები)
ტელეფონი: 511 137 251
ელ. ფოსტა: g.jankarashvili@gnfc.ge
დავით ყურაშიძე (ტექნიკური საკითხები)
ტელეფონი: 599 07 56 60
ელ. ფოსტა: d.kurashidze@gnfc.ge