კონკურსი
„ეროვნული კინოგაქირავების დაფინანსება“
საკონკურსო პირობები
- კონკურსის მიზანი
კონკურსის - „ეროვნული კინოგაქირავების დაფინანსება“ (შემდგომ - კონკურსი) მიზანია:
ა) ქართული კინოდისტრიბუციის ხელშეწყობა და განვითარება ქვეყნის შიგნით;
ბ) ქართული ფილმების გაქირავების ხელშეწყობა საერთაშორისო ბაზრებზე.
- კონკურსის პირობები
1. ეროვნული კინოგაქირავების კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს დისტრიბუტორს/პროდიუსერს, რომელიც არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი/დაფუძნებული იურიდიული პირი ან მეწარმე ფიზიკური პირი.
2. ეროვნული კინოგაქირავების კონკურსში შეიძლება წარდგენილ იქნეს როგორც ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული ეროვნული ფილმი, ასევე, ფილმი, რომლის წარმოებაც ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული არ ყოფილა. ერთი კონკურსის ფარგლებში შეიძლება დაფინანსდეს ერთი და იმავე განმცხადებლის მხოლოდ ერთი პროექტი.
3. კონკურსანტს ეროვნული კინოცენტრის წინაშე არ უნდა ჰქონდეს შეუსრულებელი მნიშვნელოვანი ვალდებულება და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
4. საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო უცხოენოვანი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია ქართულენოვანი თარგმანი. ქართულ ენაზე თარგმნილი დოკუმენტები სანოტარო წესით უნდა იყოს დამოწმებული (გარდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული და რუსული ენებიდან თარგმანისა).
5. ეროვნული კინოცენტრის მიერ ამ კონკურსის ფარგლებში პროექტისათვის გამოყოფილი დაფინანსება არ შეიძლება აღემატებოდეს გაქირავების საერთო ხარჯების 50%-ს.
6. ეროვნული კინოცენტრის მიერ კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 100 000 ლარს.
7. ამ კონკურსის ფარგლებში ერთი პროექტის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობაა 100 000 ლარი.
8. საკონკურსო პირობებით განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში, ეროვნული კინოცენტრი დააფინანსებს მაქსიმუმ ოთხ პროექტს.
- საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის წესი
1. ამ კონკურსის ფარგლებში წარსადგენი საკონკურსო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს/ინფორმაციას:
1.1 ელექტრონული განაცხადი (კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით);
1.2. დისტრიბუციის გეგმა/ხედვა;
1.3. პროექტის ხარჯთაღრიცხვა;
1.4. დისტრიბუციის დარგში პროდიუსერის/დისტრიბუტორის საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში);
1.5. პარტნიორთან გაფორმებული ხელშეკრულება ან/და ინფორმაცია მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ, რომელიც უნდა დასტურდებოდეს წერილობითი დოკუმენტით (არსებობის შემთხვევაში);
1.6. ინფორმაცია პარტნიორის სამუშაო პროფილის და მისი გამოცდილების შესახებ;
1.7. ფილმის სინოფსისი;
1.8. ფილმის ტიზერი ან მცირე სცენა.
- ამ კონკურსის ფარგლებში წარსადგენი საკონკურსო განაცხადი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას პროექტის განხორციელების ვადის თაობაზე. პროექტი, რომლის განხორციელების ვადა აღემატება 2025 წლის 1 ნოემბერს, განსახილველად არ მიიღება.
- ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილი დოკუმენტაციის მეილის სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს კონკურსის სახელწოდება და პროექტის სათაური.
- საპროექტო განაცხადის განხილვის წესი
1. კონკურსზე დარეგისტრირების შემდეგ, ეროვნული კინოცენტრი ამოწმებს დოკუმენტაციის სისრულეს და სისწორეს. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტს მიეცემა 3 (სამი) სამუშაო დღე ხარვეზის აღმოსაფხვრელად. თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერ დააკმაყოფილებს ამ საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საკონკურსო განაცხადი არ განიხილება.
2. საკონკურსო განაცხადების მიღების ვადის დაცვით მიღებული საკონკურსო განაცხადები განიხილება „სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულებისა და საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 2024 წლის 25 მარტის №05/36 ბრძანებით დამტკიცებული დებულებების შესაბამისად.
- შეფასების კრიტერიუმები
ეროვნული ფილმის გაქირავების კონკურსის საექსპერტო კომისია დასკვნის სახით იღებს გადაწყვეტილებას პროექტის მხატვრული მხარისა და კომერციული წარმატების პერსპექტივის განხილვის საფუძველზე.
- კონკურსის ვადები და შედეგების გამოქვეყნება
1. საკონკურსო პროექტები მიიღება ელექტრონულად, 2024 წლის 30 აპრილიდან 14 მაისის 18:00 საათის ჩათვლით ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე -documents@gnfc.ge
2. კონკურსის მონაწილეს კონკურსის შედეგების შესახებ ეცნობება ოფიციალურად, ელექტრონულად ან მატერიალური სახით, საკონკურსო განაცხადთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
კონკურსანტებმა შესაძლებელია გაიარონ კონსულტაცია, რომელიც ჩატარდება წინასწარი შეთანხმებით, ეროვნული კინოცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში ან სატელეფონო კონსულტაციის გზით:
მისამართი:
0105 თბილისი, სანაპიროს ქუჩა 4,
ტელეფონი: 2999 200; 2999 102;
საკონტაქტო პირები:
გიორგი ჯანყარაშვილი (წარმოება და ტექნიკური საკითხები)
ტელეფონი: 511 137 251
ელ. ფოსტა: g.jankarashvili@gnfc.ge
დავით ყურაშიძე (ტექნიკური საკითხები)
ტელეფონი: 599 07 56 60
ელ. ფოსტა: d.kurashidze@gnfc.ge