კონკურსი
„კანის 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე ფილმის ჩვენების ხელშეწყობა სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმებისთვის“
საკონკურსო პირობები
- კონკურსის მიზანი
კონკურსის „კანის კინობაზრობაზე ფილმის ჩვენების ხელშეწყობა სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმებისთვის“ (შემდგომ - კონკურსი) მიზანია:
ა) ქართული კინოს პოპულარიზაციის მხარდაჭერა საქართველოს საზღვრებს გარეთ; ბ) ფილმის გაქირავების ხელშეწყობა.
- კონკურსის პირობები
- სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში (შემდგომ - ეროვნული კინოცენტრი) საკონკურსო განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის მიერ, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი (შემდგომ - კონკურსანტი).
- კონკურსანტს ეროვნული კინოცენტრის წინაშე არ უნდა ჰქონდეს შეუსრულებელი მნიშვნელოვანი ვალდებულება და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
- კონკურსანტს ამ კონკურსში შეუძლია მხოლოდ ერთი ფილმის წარდგენა.
- საკონკურსო ფილმი უნდა იყოს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ქართული პროდუქცია ან ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოება მნიშვნელოვანი ქართული შემოქმედებითი ჩართულობით.
- კონკურსანტი უნდა იყოს საკონკურსო ფილმთან დაკავშირებული საავტორო უფლების კანონიერი მფლობელი.
- საკონკურსო ფილმს აუცილებლად უნდა ახლდეს ინგლისურენოვანი სუბტიტრები.
- ამ კონკურსში წარდგენილი ფილმის პრემიერა არ უნდა იყოს გამართული 2023 წლის იანვრამდე და კინობაზრობებზე არ უნდა იყოს ნაჩვენები 2023 წლის დეკემბრამდე.
- ამ კონკურსის ფარგლებში შეირჩევა არაუმეტეს ორი ფილმი კანის 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე ერთჯერადი ჩვენების მიზნით, რასთან დაკავშირებულ ხარჯებსაც დააფინანსებს ეროვნული კინოცენტრი.
- საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის წესი
- კონკურსში მონაწილეობისათვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
1.1. ელექტრონული განაცხადი (ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით);
1.2. ფილმი (ბმულის სახით; MP4 ფორმატში);
1.3. ფილმი DCP ფორმატში;
1.4. ფილმის ავტორთა (პროდიუსერი; რეჟისორი; სცენარის ავტორი) ბიოფილმოგრაფია და საკონტაქტო მონაცემები.
- კონკურსანტს, ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენისას, ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრება 2 სამუშაო დღე, რომლის გამოუსწორებლობის შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია განუხილველი რჩება.
- კონკურსის ეტაპები და შეფასების წესი
- ეროვნული კინოცენტრი კონკურსის ფარგლებში რეგისტრირებულ ინფორმაციას პროექტის შესახებ განიხილავს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ბრძანებით შექმნილი კომისია.
- ფილმის შერჩევის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კომისია უფლებამოსილია გაესაუბროს კონკურსანტს ან/და მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
- კომისია, ხმათა უბრალო უმრავლესობით, იღებს დადებით ან უარყოფითი გადაწყვეტილებას ფილმის შერჩევის შესახებ. ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა დასაბუთდეს.
- კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კონკურსანტებს ეცნობებათ წერილობით.
- კომისიის წევრები ვალდებულნი არიან, დაიცვან კონფიდენციალურობა და არ გაამჟღავნონ კონკურსის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია კონკურსის შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე.
- კონკურსის ვადები და შედეგების გამოქვეყნება
- საკონკურსო პროექტები მიიღება ელექტრონულად, 2024 წლის 28 მარტიდან, 7 აპრილის ჩათვლით ეროვნულ კინოცენტრში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქუჩა №4, მატერიალური სახით და ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - documents@gnfc.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით, ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, არსებობის შემთხვევაში ორგანიზაციის ბეჭდით დამოწმებული და დასკანერებული.
- კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება ეროვნული კინოცენტრის მიერ არაუგვიანეს 15 აპრილისა, რა დროსაც მიეთითება გამარჯვებული პროექტები.
კონკურსანტებმა შესაძლებელია გაიარონ კონსულტაცია, რომელიც ჩატარდება წინასწარი შეთანხმებით, ეროვნული კინოცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში ან სატელეფონო კონსულტაციის გზით:
მისამართი:
0105 თბილისი, სანაპიროს ქუჩა 4,
ტელეფონი: 2999 200; 2999 102;
საკონტაქტო პირები:
მანანა მელაძე (წარმოება და ფინანსები)
ტელეფონი: 577 40 75 39;
ელ. ფოსტა: m.meladze@gnfc.ge
გიორგი ჯანყარაშვილი (წარმოება და ტექნიკური საკითხები)
ტელეფონი: 511 137 251
ელ. ფოსტა: g.jankarashvili@gnfc.ge
ქეთევან ნოზაძე (წარმოება და ტექნიკური საკითხები)
ტელეფონი: 533 334 421
ელ. ფოსტა: k.nozadze@gnfc.ge
დავით ყურაშიძე (ტექნიკური საკითხები)
ტელეფონი: 599 07 56 60
ელ. ფოსტა: d.kurashidze@gnfc.ge