ლანა ღოღობერიძის ფილმის წარმატება იაპონიაში

26 თებერვალს იაპონიის კინოთეატრებში ლანა ღოღობერიძის ფილმი “ოქროს ძაფი” გამოვიდა, რომელმაც იაპონელი მაყურებლისა და კინოკრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ტოკიოში, კინოთეატრი Iwanami Hall, 15 აპრილამდე დღეში ფილმის ოთხ სეანსს აჩვენებს. სულ “ოქროს ძაფი” ნაჩვენები იქნება იაპონიის 30 კინოთეატრში.

იაპონიაში გამოსვლის პირველივე დღეს, “ოქროს ძაფი” 300-მა მაყურებელმა ნახა, რაც პანდემიის პერიოდის გათვალისწინებით ძალიან კარგი მაჩვენებელია. ჩაიწერა ინტერვიუები ფილმის რეჟისორ ლანა ღოღობერიძესთან, რასაც დიდი ინტერესით ეცნობიან იაპონიაში.

“ოქროს ძაფი” ამ ეტაპზე ლანა ღოღობერიძის ბოლო ნამუშევარია. იგი რეჟისორმა 2019 წელს გადაიღო. ფილმი საქართველო-საფრანგეთის კოპროდუქციაა და მისი პრემიერა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: ნანა ჯორჯაძე, გურანდა გაბუნია, ზურა ყიფშიძე, დათო კვირცხალია. თემიკო ჭიჭინაძე. ნინო კირთაძე, მარიტა ბერიძე.