"ლოლიტა"-ს საკონფერენციო დარბაზში (მისამართი: ჭოველიძის ქუჩა #7) ეროვნული კინოცენტრი გამართავს ახალი კინოსაგანმანათლებლო პორტალის პრეზენტაციას სახელწოდებით "ისტორია-კინო-ისტორია".
პორტალი შექმნილია ევროკავშირის პროგრამა "შემოქმედებითი ევროპის" ფინანსური მხარდაჭერით და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო პროექტში ჩართულია, როგორც ლიდერი ქვეყანა. ეროვნული კინოცენტრის პარტნიორები არიან: Cineteca Italiana (იტალია), The Film Space (დიდი ბრიტანეთი) და the National Cinèmatheque of Serbia (სერბეთი). კინოსაგანმანათლებლო პორტალი "ისტორია-კინო-ისტორია" ხელმისაწვდომია პროექტის მონაწილე ყველა ქვეყნის სახელმწიფო ენაზე.
პროექტზე მუშაობა დაიწყო 2020 წლიდან. შეიქმნა საგანმანათლებლო მასალები ორი მიმართულებით: მე-20 საუკუნის ევროპის ისტორიის სწავლება კინოს გამოყენებით და კინოს, როგორც ხელოვნების ერთ-ერთი მიმართულების ისტორიის სწავლება.
ისტორიის მიმართულებისთვის მეოცე საუკუნე დეკადების მიხედვით დაიყო მნიშვნელოვან მოვლენებად. პროექტის მონაწილე თითოეული ქვეყნის მაგალითზე დაყრდნობით, კონკრეტული ფილმების გამოყენებით შეიქმნა სასწავლო მასალები, რომლებიც მოიცავს ვიზუალურ და საარქივო მასალებს, ვიდეო გაკვეთილებს, სავარჯიშოებსა და ტესტს. ყოველივე ეს მოზარდებში გაამყარებს თეორიულ ცოდნას ამა თუ იმ მოვლენის შესახებ, უფრო მარტივი იქნება ეპოქის სულისკვეთების აღქმა და პარალელების მეშვეობით გამარტივდება მე-20 საუკუნის ევროპის ისტორიის გააზრება.
პროექტის მეორე საგანმანათლებლო მიმართულებაა კინოს, როგორც მე-20 საუკუნის ხელოვნების ისტორიის სწავლება. კინოს განვითარების გზის შესწავლა ხელს შეუწყობს მოზარდებისთვის კინემატოგრაფის შესახებ საინტერესო და ავთენტური ინფორმაციის მიწოდებას. ამ შემთხვევაშიც, სასწავლო მასალების სახით გამოყენებული იქნება ვიდეო გაკვეთილები, ვიზუალური მასალა, სპეციალურად პროექტისთვის შექმნილი დავალებები და ტესტი.
2021 წელს დაიწყება პორტალის სატესტო რეჟიმში გამოყენება, როგორც პარტნიორ ქვეყნებში, ასევე საქართველოში პროექტის "კინო სკოლაში" ფარგლებში. "კინო სკოლაში" მეცხრე წელია წარმატებით მიმდინარეობს უკვე 1500 სკოლაში.
"კინო სკოლაში" 18 აპრილიდან ახალ სეზონს იწყებს საქართველოს 71 სკოლაში, სადაც მოზარდებს პირველად მიეცემათ შესაძლებლობა კინოსპეციალისტების დახმარებით გაეცნონ ახალ პორტალს და მიიღონ საინტერესო ინფორმაცია მე-20 საუკუნის ევროპის ისტორიისა და კინოს შესახებ.