16 დეკემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და თიბისი კონცეპტის თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში (მარჯანიშვილის #7) გაიმართება მერაბ ნინიძის მასტერკლასი. მასტერკლასი ძირითადად განკუთვნილია თეატრისა და კინოს მსახიობებისა და სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
მასტერკლასზე დასასწრებად, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge-ზე, რის შემდეგაც კონცეპტასისტენტი დაგიდასტურებთ შეხვედრაზე დასწრებას (ადგილების რაოდენობა შეზღუდულია).
17 დეკემბერს, 19:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ მერაბ ნინიძე მაყურებელს შეხვდება. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში შედგება, რის შემდეგაც გაიმართება ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმის - „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ ჩვენება. ფილმის მსოფლიო პრემიერას 2017 წელს სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალმა უმასპინძლა. „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.
მერაბ ნინიძე ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ქართველი არტისტია, როგორც სამშობლოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ.
მსახიობმა პირველი კინოროლი შეასრულა თენგიზ აბულაძის ფილმში „მონანიება“. მერაბ ნინიძის ფილმოგრაფია არაერთ გამორჩეულ ფილმს მოიცავს. მათ შორის არის: ალექსანდრე რეხვიაშვილის „საფეხური“, დიტო ცინცაძის „შემოჭრა“, ბახტიარ ხუდოინაზაროვის „ლუნა პაპა“, ალექსეი გერმანის (უმცროსი) „ქაღალდის ჯარისკაცი“, ევგენი შელიაკინის „შავი და თეთრი“, კორნელი მუნდრუცუს „იუპიტერის მთვარე” და
ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“.
კაროლინ ლინკის ფილმმა „არსად აფრიკაში“, სადაც მერაბ ნინიძე მთავარ როლს ასრულებს, 2001 წელს ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო - „ოსკარი“ მოიპოვა. ასევე, აღსანიშნავია დომინიკ კუკის ფილმი „კურიერი“, სადაც მერაბ ნინიძეს პარტნიორობას ბრიტანელი კინოვარსკვლავი ბენედიქტ კამბერბეჩი უწევს.
მერაბ ნინიძის შემოქმედებით ბიოგრაფიაშია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული სატელევიზიო სერიალი „სამშობლო“ და ბრიტანული სატელევიზიო სერიალი „მაკ მაფია“. 2021 წელს გერმანიაში გამოვიდა მინისერიალი „ექიმი ბალუზი“, სადაც მერაბ ნინიძე მთავარ პერსონაჟს - ამინ ბალუზის ასახიერებს.
მერაბ ნინიძე 1992 წლიდან ევროპაში აგრძელებს კარიერას. საქართველოდან წასვლამდე იგი აქტიურად იყო დაკავებული თეატრში. 15 წლის ასაკში მისი დებიუტი შედგა რუსთაველის თეატრის სცენაზე რობერტ სტურუას სპექტაკლში „რიჩარდ III“. ასევე, აღსანიშნავია მერაბ ნინიძის როლები გიზო ჟორდანიას სპექტაკლებში „ჰამლეტი“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ანა ფრანკის დღიური“ და ლევან წულაძის სპექტაკლში „ვენეციელი ვაჭარი“.