27 და 28 თებერვალს, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, გაიმართა
პროექტის „ისტორია-კინო-ისტორია“ შემაჯამებელი ღონისძიება. კონფერენციას, ქართველ მონაწილეებთან ერთად, დაესწრნენ კინოგანათლების მიმართულებით მომუშავე ექსპერტები დიდი ბრიტანეთიდან, ესტონეთიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან და სერბეთიდან.
პროექტის ავტორებმა, პარტნიორებმა და სტუმრებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.
კინოსაგანმანათლებლო პლატფორმა "ისტორია-კინო-ისტორია" შექმნილია ევროკავშირის პროგრამა "შემოქმედებითი ევროპის" ფინანსური მხარდაჭერით და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო პროექტში ჩართულია, როგორც ლიდერი ქვეყანა.
ეროვნული კინოცენტრის პარტნიორები არიან: Cineteca Italiana (იტალია), The Film Space (დიდი ბრიტანეთი) და The National Cinèmatheque of Serbia (სერბეთი).
კინოსაგანმანათლებლო პლატფორმა "ისტორია-კინო-ისტორია" ხელმისაწვდომია პროექტის მონაწილე ყველა ქვეყნის სახელმწიფო ენაზე.
პროექტზე მუშაობა დაიწყო 2020 წლიდან. შეიქმნა საგანმანათლებლო მასალები ორი მიმართულებით: მე-20 საუკუნის ევროპის ისტორიის სწავლება კინოს გამოყენებით და კინოს, როგორც ხელოვნების ერთ-ერთი მიმართულების ისტორიის სწავლება.